„უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღების განმეორებითი მცდელობები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს - ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ „უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღების განმეორებითი მცდელობები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს.


„საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ ის ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯს განახორციელებს. "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღების განმეორებითი მცდელობები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს და მან შესაძლოა, საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ძირი გამოუთხაროს," - აცხადებს ლანდსბერგისი.


„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად 3 აპრილს დააბრუნა. მას შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.“ კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რისი დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.


როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.